სფიდ-დეითინგის ღონისძიებები

სფიდ-დეითინგი არის გაცნობითი ხასიათის ღონისძიება, სადაც მონაწილეები მოძრაობენ კონვეიერის პრინციპით და ეძლევათ ფიქსირებული დრო (3-დან 10 წუთამდე) ერთმანეთთან გასაუბრებისთვის.

ამ ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს მონაწილეების სოციალიზაციას და მათ შორის პროდუქტიული ურთიერთობების ფორმირებას, მოსახერხებელია სამეწარმეო ან/და პროფესიული ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთმანეთთან დასაკავშირებლად (ე.წ. “ნეთვორქინგი”), მათთვის ინფორმაციის გაცვლაში და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობისთვის; დასაქმების ფორუმებზე; შიდასასკოლო, მოსწავლეთა გაცნობითი ხასიათის შეხვედრებისთვის; შიდასაუნივერსიტეტო და უნივერსიტეტთაშორისი სტუდენტური გაცნობითი ხასიათის შეხვედრებისთვის; რომანტიკული ხასიათის წყვილთა გაცნობითი შეხვედრებისთვის.

ჩვენი ორგანიზაცია სთავაზობს უსასყიდლო წინასწარ კონსულტირებას სფიდ-დეითინგის ღონისძიების დასაგეგმად როგორც ორგანიზაციებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს.

ჰარმონიული განვითარების სკოლა

“ჰარმონიული განვითარების სკოლა” არაფორმალური განათლების სკოლაა, ემსახურება 8-12 წლის ასაკის ბავშვებს და სთავაზობს მრავალფეროვანი თემატიკის ერთდღიან საგანმანათლებლო პროგრამებს.

სკოლა არაკომერციულია და მისი მიზანია ბავშვებისთვის ცხოვრებისთვის ყველაზე აუცილებელი იმ ცოდნისა და უნარების მიცემა, რასაც ვერ იღებენ სკოლიდან და გარემოდან.

თემატიკა მოიცავს ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ჯანსაღი კვების პროგრამებს; პირველადი დახმარების წესების სწავლებას; იოგას მარტივ გაკვეთილებს აქცენტით სწორად სუნთქვასა და სწორად ჯდომაზე; შემეცნებით ექსკურსიებს საქართველოს ქალაქებში; ბავშვებისთვის მათი უშუალო საცხოვრებელი გარემოს და ბიომრავალფეროვნების უკეთ გაცნობას; ველურ გარემოსა და ექსტრემალურ სიტუაციებში გადარჩენის სწავლებას.

სკოლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვებისთვის იმის ჩვენება, რომ არამხოლოდ გარემო ზემოქმედებს ადამიანზე, არამედ ადამიანსაც შეუძლია გარემოზე ზემოქმედება, მისი შეცვლა და გაუმჯობესება. ბავშვებისთვის ამის დემონსტრირების მიზნით, ჩვენი ხელოვნების პროგრამის ფარგლებში, მხატვართან ერთად მოვხატავთ კედელს. ამ გზით ვეცნობით ზოგად პრინციპს – როგორ იყენებს ადამიანი მის მიერ შექმნილ საშუალებებს გარემოს შესაცვლელად.

სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები ამჟამად ფარავს თბილისს, რუსთავს და დაბა ჟინვალს.

სკოლის საქმიანობის გასაცნობად და ერთდღიან საგანამანათლებლო პროგრამებზე დეტალური ინფორმაციისთვის, გამოგვყევით სკოლის ფეისბუქ-გვერდზე.

დილის იოგას გაკვეთილი ღია ცის ქვეშ.
ეს მარტივი გაკვეთილი სულ 40 წუთს გრძელდება და ბავშვები სწავლობენ ყველაზე აუცილებელს – სწორად სუნთქვას და სწორად ჯდომას.

რუსთავი-გარდაბნის ტურის ფარგლებში ულამაზეს ჯანდარის ტბას ვსტუმრეობთ და მის ბიომრავალფეროვნებას ვეცნობით.
თბილისის ტურის ფარგლებში შედის ვიზიტი ეროვნულ მუზეუმში, სადაც ბავშვები არქეოლოგიური საგანძურს ეცნობიან.
ჯანმრთელობის მოვლისა და ჯანსაღი კვების პროგრამის ფარგლებში ექიმი-სტომატოლოგი ბავშვებს უხსნის პირის ღრუს მოვლის წესებს.
ჯანმრთელობის მოვლისა და ჯანსაღი კვების პროგრამის ფარგლებში ვსწავლობთ მარტივი და ჯანსაღი კერძების მომზადებას.

მოზარდთა სტაჟირების პროგრამა

პროგრამის მიზანია, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადოს პროფესიული უნარების შეძენა ახალგაზრდა თაობისთვის, დაეხმაროს მათ სოციალიზაციაში, თვალსაწიერის გაფართოებაში, საკუთარ ინტერესებში უკეთ გარკვევასა და პროფესიული არჩევანის გაცნობიერებულად გაკეთებაში.

პროგრამა ემსახურება 13-19 წლის ასაკის ახალგაზრდებს.

პროგრამა მუშაობს შემდეგი პრინციპით: აპლიკანტი (სტაჟირების მსურველი) ელექტრონულად ავსებს სარეგისტრაციო ფორმას, სადაც უთითებს, თუ რა ტიპის ორგანიზაციაში სურს სტაჟირების გავლა. ამის შემდეგ, ერთი კვირის ვადაში, ჩვენ მას ვაკავშირებთ შესაბამისი პროფილის ორგანიზაციასთან და აპლიკანტი ადგილზე, საცდელად ატარებს ერთ არასრულ სამუშაო დღეს – 6 საათს (ეს ოპტიმალური დროა, აპლიკანტის გადაღლის თავიდან ასაცილებლად). შემდგომი დაინტერესების შემთხვევაში იწყება 7-30 დღის ხანგრძლივობის სტაჟირება. სტაჟირების ხანგრძლივობა და საათები დგინდება აპლიკანტის და ორგანიზაციის ერთობლივი თანხმობით და ჩვენი ორგანიზებით. სტაჟირების პერიოდში სტაჟიორი სრულიად უსასყიდლოდ ასრულებს მიმღები ორგანიზაციის საქმესთან დაკავშირებულ მითითებებს, რა დროსაც იძენს ცოდნას სფეროს სპეციფიკაზე. ამ პროცესში მას მენტორობას და მზრუნველობას უწევენ დამხვედრი თანამშრომლები.

სტაჟირების შეთავაზების მსურველ ორგანიზაციებს, ვთხოვთ, შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა, რის შემდეგაც სამი სამუშაო დღის ვადაში დავუკავშირდებით სტაჟირების მსურველი აპლიკანტის მონაცემებით.

პროგრამა სრულიად უსასყიდლოა. სტაჟირების პირველ, საცდელ დღეს არ ფორმდება კონტრაქტი და არც აპლიკანტს და არც მიმღებ ორგანიზაციას არ წარმოეშობა არანაირი იურიდიული ვალდებულება. 7-30 დღიანი არაანაზღაურებადი სტაჟირების შეთანხმების შემთხვევაში კი, შრომის კოდექსთან შესაბამისობის მიზნით, ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც თითოეულ მხარეს (სტაჟირების მიმცემსაც და სტაჟიორსაც) შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს. შეწყვეტის შემთხვევაში არცერთ მხარეს არ ეკისრება ფინანსური ან რაიმე სხვა ტიპის პასუხისმგებლობა. ვინაიდან სტაჟირება არაანაზღაურებადია, მიმღებ ორგანიზაციას არ ეკისრება არავითარი საბუღალტრო ვალდებულება.

პროგრამისთვის თვალის სადევნებლად გამოგვყევით ფეისბუქ-გვერდზე.

მოხალისე მასწავლებლების პროგრამა

ეს კონკრეტული პროგრამა ემსახურება მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს. მეცადინეობის დაწყებიდან ათი დღის ვადაში საჭირო იქნება ბენეფიციარმა (მოსწავლის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა) წარმოადგინოს ახალი ცნობა ჯანდაცვის სამინისტროდან სტატუსის შესახებ.

პროგრამა ხორციელდება მოხალისეობრივ საწყისებზე – ანაზღაურების გარეშე. ასევე სრულიად უსასყიდლოა ბენეფიციარისთვის.

მოხალისე მასწავლებელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ასაკის ბავშვისთვის კონკრეტული საგნის სწავლების კომპეტენცია, აკადემიური ხარისხის/დიპლომის ფლობა არაა საჭირო.

პროგრამა მუშაობს შემდეგი პრინციპით: სკოლის მოსწავლე ან მშობელი/მეურვე ავსებს ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმას, რის შემდეგაც ერთი კვირის ვადაში ჩვენ ვაკავშირებთ სასურველი სასკოლო საგნის/კლასგარეშე აქტივობის (ხატვა, მუსიკა და სხვა) მოხალისე მასწავლებელთან.

განსაკუთრებით მაღალია ინგლისური ენის და მათემატიკის მასწავლებლების საჭიროება 1-6 კლასის მოსწავლეებისთვის, თუმცა პროგრამა ამით არაა შეზღუდული, რამდენადაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია უფროსკლასელების და სახელოვნებო ნიჭის მქონე ბავშვების განვითარების ხელშეწყობა.

მოხალისე მასწავლებელი მეცადონეობას ატარებს კვირაში ორჯერ. მცირე ასაკის ბავშვის შემთხვევაში მეცადინეობა შესაძლოა ჩატარდეს მოსწავლესთან მისამართზე მისვლითაც, ხოლო მოზრდილი ასაკის მოსწავლე თავად მიდის მასწავლებელთან. ორივე შემთხვევაში, მასწავლებლის შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება ტერიტორიულ სიახლოვეს, რათა პროცესი გახდეს უფრო კომფორტული და დროის თვალსაზრისით ეკონომიური.

მოხალისე მასწავლებლად რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა. ჩვენ ერთი კვირის ვადაში დაგაკავშირებთ მომლოდინე მოსწავლესთან.

ამ პროგრამით სარგებლობის მნიშვნელოვანი პირობაა, რომ მოსწავლის მიერ სწავლის პროცესისადმი უგულისყურო დამოკიდებულების, სიზარმაცის შემთხვევაში, სწავლების პროცესი შეწყდება და მასწავლებელი გადამისამართდება სხვა მოსწავლესთან.

მეორადი ნივთების დონაციის პროგრამა

ყოველი სეზონის ბოლოს, როცა ტანსაცმელი იცვლება, ჩვენ ვათავსებთ დონაციის ყუთებს საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში. ყუთს თან ახლავს საინფორმაციო წარწერა. მაცხოვრებლები მასში ათავსებენ გასაცემ ტანსაცმელს და სხვა ნივთებს: თეთრეულს, ჭურჭელს, სათამაშოებს, წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. 4 დღის შემდეგ ყუთი აიღება, ნივთები კი ხარისხდება და გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

თუ გსურთ, დაგვეხმაროთ დონაციის პროგრამის განხორციელებაში – გახდეთ ჩვენი მოხალისე და თქვენს საცხოვრებელ კორპუსშიც განთავსდეს დონაციის ყუთები, გთხოვთ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

მოხალისე ვალდებულებას იღებს ერთჯერადად, 4 დღის განმავლობაში, ყურადღება მიაქციოს ყუთებს, გადავსების შემთხვევაში გაცალოს და დროებით შეინახოს ნივთები უსაფრთხო ადგილას. სხვა დანარჩენზე – ნივთების წაღებაზე, დახარისხებასა და ბენეფიციარებისთვის მიწოდებაზე ჩვენი ორგანიზაცია იზრუნებს.

ამჟამად ნივთები გროვდება თბილისში, დიდუბის რაიონში, ხოლო ბენეფიციარებს მიეწოდება აფრიკის დასახლებასა და ფონიჭალაში. გთხოვთ, შეავსეთ ფორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხოვრობთ დიდუბის რაიონში.

შეგროვების შემდეგ ნივთები საწყობში მიგვაქვს დასახარისხებლად.
ჩვენ ზედმიწევნით ვიცნობთ პროგრამის ბენეფიციარების საჭიროებებს, რაც აუცილებელია შეგროვებული ნივთების ოპტიმალურად განაწილებისთვის, ინდივიდუალური და ოჯახური საჭიროებების გათვალისწინებით.

დახარისხების შემდეგ თითოეული ფუთა მარკირდება მასში მოთავსებული ნივთის და მიმღები პირის მონაცემებით.
ბოლო ეტაპზე ფუთები მიგვაქვს ბენეფიციარებთან.

ცოდნის ყუთის პროგრამა

ეს პროგრამა ხორციელდება მიზნობრივად, მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და ემსახურება 3-12 წლის ასაკის ბავშვებს.
ამ ეტაპზე პროგრამა გეოგრაფიულად ფარავს მხოლოდ თბილისს.

ყუთი ორი კვირის ვადით გადაეცემა კონკრეტულ ბავშვს/ოჯახს, ვადის ამოწურვის შემდეგ კი გადადის სხვა ბავშვის სარგებლობაში. ამ კატეგორიაში ძირითადი სამიზნე ჯგუფია სოციალურად დაუცველთა კომპაქტური დასახლებები დიდი ქალაქების გარეუბნებში.

“ცოდნის ყუთში” მოთავსებულია: მცირე საბავშვო ბიბლიოთეკა 5 ილუსტრირებული წიგნით, მონოკლი შორეულ ობიექტებზე დაკვირვებისთვის, მიკროსკოპი, საქართველოს და მსოფლიოს რუკები.

ყუთები დიფერენცირებულია სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის.

3-5 წლის ასაკის კატეგორიისთვის შედის: 5 ილუსტრირებული წიგნი, მონოკლი შორეულ ობიექტებზე დაკვირვებისთვის, მიკროსკოპი, სათამაშო მარიონეტი.

6-7 წლის ასაკის კატეგორიისთვის შედის: 5 ილუსტრირებული წიგნი, მონოკლი შორეულ ობიექტებზე დაკვირვებისთვის, მიკროსკოპი, მსოფლიოს საბავშვო რუკა ილუსტრაციებით.

8-9 წლის ასაკის კატეგორიისთვის შედის: 5 ილუსტრირებული წიგნი, მონოკლი შორეულ ობიექტებზე დაკვირვებისთვის, მიკროსკოპი, მსოფლიოს და საქართველოს რუკები.

10-12 წლის ასაკის კატეგორიისთვის შედის: 5 წიგნი, მონოკლი შორეულ ობიექტებზე დაკვირვებისთვის, მიკროსკოპი, მსოფლიოს და საქართველოს რუკები, საბავშვო მეტალოდეტექტორი.

თუ გსურთ, ისარგებლოთ ცოდნის ყუთით, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

ყუთის მისამართზე მიტანას და წამოღებას უზრუნველყოფს ჩვენი ორგანიზაცია.