პროგრამის მიზანია, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადოს პროფესიული უნარების შეძენა ახალგაზრდა თაობისთვის, დაეხმაროს მათ სოციალიზაციაში, თვალსაწიერის გაფართოებაში, საკუთარ ინტერესებში უკეთ გარკვევასა და პროფესიული არჩევანის გაცნობიერებულად გაკეთებაში.
პროგრამა ემსახურება 13-19 წლის ასაკის ახალგაზრდებს.
პროგრამა მუშაობს შემდეგი პრინციპით: აპლიკანტი (სტაჟირების მსურველი) ელექტრონულად ავსებს სარეგისტრაციო ფორმას, სადაც უთითებს, თუ რა ტიპის ორგანიზაციაში სურს სტაჟირების გავლა. ამის შემდეგ, ერთი კვირის ვადაში, ჩვენ მას ვაკავშირებთ შესაბამისი პროფილის ორგანიზაციასთან და აპლიკანტი ადგილზე, საცდელად ატარებს ერთ არასრულ სამუშაო დღეს – 6 საათს (ეს ოპტიმალური დროა, აპლიკანტის გადაღლის თავიდან ასაცილებლად). შემდგომი დაინტერესების შემთხვევაში იწყება 7-30 დღის ხანგრძლივობის სტაჟირება. სტაჟირების ხანგრძლივობა და საათები დგინდება აპლიკანტის და ორგანიზაციის ერთობლივი თანხმობით და ჩვენი ორგანიზებით. სტაჟირების პერიოდში სტაჟიორი სრულიად უსასყიდლოდ ასრულებს მიმღები ორგანიზაციის საქმესთან დაკავშირებულ მითითებებს, რა დროსაც იძენს ცოდნას სფეროს სპეციფიკაზე. ამ პროცესში მას მენტორობას და მზრუნველობას უწევენ დამხვედრი თანამშრომლები.
სტაჟირების შეთავაზების მსურველ ორგანიზაციებს, ვთხოვთ, შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა, რის შემდეგაც სამი სამუშაო დღის ვადაში დავუკავშირდებით სტაჟირების მსურველი აპლიკანტის მონაცემებით.
პროგრამა სრულიად უსასყიდლოა. სტაჟირების პირველ, საცდელ დღეს არ ფორმდება კონტრაქტი და არც აპლიკანტს და არც მიმღებ ორგანიზაციას არ წარმოეშობა არანაირი იურიდიული ვალდებულება. 7-30 დღიანი არაანაზღაურებადი სტაჟირების შეთანხმების შემთხვევაში კი, შრომის კოდექსთან შესაბამისობის მიზნით, ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც თითოეულ მხარეს (სტაჟირების მიმცემსაც და სტაჟიორსაც) შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს. შეწყვეტის შემთხვევაში არცერთ მხარეს არ ეკისრება ფინანსური ან რაიმე სხვა ტიპის პასუხისმგებლობა. ვინაიდან სტაჟირება არაანაზღაურებადია, მიმღებ ორგანიზაციას არ ეკისრება არავითარი საბუღალტრო ვალდებულება.
პროგრამისთვის თვალის სადევნებლად გამოგვყევით ფეისბუქ-გვერდზე.


