ეს კონკრეტული პროგრამა ემსახურება მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს. მეცადინეობის დაწყებიდან ათი დღის ვადაში საჭირო იქნება ბენეფიციარმა (მოსწავლის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა) წარმოადგინოს ახალი ცნობა ჯანდაცვის სამინისტროდან სტატუსის შესახებ.
პროგრამა ხორციელდება მოხალისეობრივ საწყისებზე – ანაზღაურების გარეშე. ასევე სრულიად უსასყიდლოა ბენეფიციარისთვის.
მოხალისე მასწავლებელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ასაკის ბავშვისთვის კონკრეტული საგნის სწავლების კომპეტენცია, აკადემიური ხარისხის/დიპლომის ფლობა არაა საჭირო.
პროგრამა მუშაობს შემდეგი პრინციპით: სკოლის მოსწავლე ან მშობელი/მეურვე ავსებს ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმას, რის შემდეგაც ერთი კვირის ვადაში ჩვენ ვაკავშირებთ სასურველი სასკოლო საგნის/კლასგარეშე აქტივობის (ხატვა, მუსიკა და სხვა) მოხალისე მასწავლებელთან.
განსაკუთრებით მაღალია ინგლისური ენის და მათემატიკის მასწავლებლების საჭიროება 1-6 კლასის მოსწავლეებისთვის, თუმცა პროგრამა ამით არაა შეზღუდული, რამდენადაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია უფროსკლასელების და სახელოვნებო ნიჭის მქონე ბავშვების განვითარების ხელშეწყობა.
მოხალისე მასწავლებელი მეცადონეობას ატარებს კვირაში ორჯერ. მცირე ასაკის ბავშვის შემთხვევაში მეცადინეობა შესაძლოა ჩატარდეს მოსწავლესთან მისამართზე მისვლითაც, ხოლო მოზრდილი ასაკის მოსწავლე თავად მიდის მასწავლებელთან. ორივე შემთხვევაში, მასწავლებლის შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება ტერიტორიულ სიახლოვეს, რათა პროცესი გახდეს უფრო კომფორტული და დროის თვალსაზრისით ეკონომიური.
მოხალისე მასწავლებლად რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა. ჩვენ ერთი კვირის ვადაში დაგაკავშირებთ მომლოდინე მოსწავლესთან.
ამ პროგრამით სარგებლობის მნიშვნელოვანი პირობაა, რომ მოსწავლის მიერ სწავლის პროცესისადმი უგულისყურო დამოკიდებულების, სიზარმაცის შემთხვევაში, სწავლების პროცესი შეწყდება და მასწავლებელი გადამისამართდება სხვა მოსწავლესთან.