ჰარმონიული განვითარების სკოლა

“ჰარმონიული განვითარების სკოლა” არაფორმალური განათლების სკოლაა, ემსახურება 8-12 წლის ასაკის ბავშვებს და სთავაზობს მრავალფეროვანი თემატიკის ერთდღიან საგანმანათლებლო პროგრამებს.

სკოლა არაკომერციულია და მისი მიზანია ბავშვებისთვის ცხოვრებისთვის ყველაზე აუცილებელი იმ ცოდნისა და უნარების მიცემა, რასაც ვერ იღებენ სკოლიდან და გარემოდან.

თემატიკა მოიცავს ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ჯანსაღი კვების პროგრამებს; პირველადი დახმარების წესების სწავლებას; იოგას მარტივ გაკვეთილებს აქცენტით სწორად სუნთქვასა და სწორად ჯდომაზე; შემეცნებით ექსკურსიებს საქართველოს ქალაქებში; ბავშვებისთვის მათი უშუალო საცხოვრებელი გარემოს და ბიომრავალფეროვნების უკეთ გაცნობას; ველურ გარემოსა და ექსტრემალურ სიტუაციებში გადარჩენის სწავლებას.

სკოლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვებისთვის იმის ჩვენება, რომ არამხოლოდ გარემო ზემოქმედებს ადამიანზე, არამედ ადამიანსაც შეუძლია გარემოზე ზემოქმედება, მისი შეცვლა და გაუმჯობესება. ბავშვებისთვის ამის დემონსტრირების მიზნით, ჩვენი ხელოვნების პროგრამის ფარგლებში, მხატვართან ერთად მოვხატავთ კედელს. ამ გზით ვეცნობით ზოგად პრინციპს – როგორ იყენებს ადამიანი მის მიერ შექმნილ საშუალებებს გარემოს შესაცვლელად.

სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები ამჟამად ფარავს თბილისს, რუსთავს და დაბა ჟინვალს.

სკოლის საქმიანობის გასაცნობად და ერთდღიან საგანამანათლებლო პროგრამებზე დეტალური ინფორმაციისთვის, გამოგვყევით სკოლის ფეისბუქ-გვერდზე.

დილის იოგას გაკვეთილი ღია ცის ქვეშ.
ეს მარტივი გაკვეთილი სულ 40 წუთს გრძელდება და ბავშვები სწავლობენ ყველაზე აუცილებელს – სწორად სუნთქვას და სწორად ჯდომას.

რუსთავი-გარდაბნის ტურის ფარგლებში ულამაზეს ჯანდარის ტბას ვსტუმრეობთ და მის ბიომრავალფეროვნებას ვეცნობით.
თბილისის ტურის ფარგლებში შედის ვიზიტი ეროვნულ მუზეუმში, სადაც ბავშვები არქეოლოგიური საგანძურს ეცნობიან.
ჯანმრთელობის მოვლისა და ჯანსაღი კვების პროგრამის ფარგლებში ექიმი-სტომატოლოგი ბავშვებს უხსნის პირის ღრუს მოვლის წესებს.
ჯანმრთელობის მოვლისა და ჯანსაღი კვების პროგრამის ფარგლებში ვსწავლობთ მარტივი და ჯანსაღი კერძების მომზადებას.

დატოვე კომენტარი